საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სავალდებულო წილის ინსტიტუტს, რაც ნიშნავს, რომ მიუხედავად ანდერძის არსებობისა, გარკვეულ პირებს კანონით ენიჭებათ მამკვიდრებლის ქონებიდან წილის მიღების უფლება.
ვინ არიან სავალდებულო წილის მემკვიდრეები?
მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი.
რამდენია სავალდებულო წილი?
სავალდებულო წილი შეადგენს იმ წილის ნახევარს, რაც თითოეულ ამ პირს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა.
როდის წარმოიშობა სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება ?
სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. სამკვიდროს გახსნის მომენტად ითვლება:
- მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე;
- პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
გადადის თუ არა სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება მემკვიდრეობით ?
დიახ, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრემ ვერ მოასწრო სავალდებულო წილის მიღება.
თუმცა, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება არ გადაიცემა მემკვიდრეობით, თუ სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრე მამკვიდრებელზე ადრე გარდაიცვლება.
როგორ განისაზღვრება სავალდებულო წილის მოცულობა?
სავალდებულო წილის მთლიანი მოცულობა განისაზღვრება მთელი სამკვიდროდან, მათ შორის იმ ქონების ჩათვლით, რომელიც გათვალისწინებულია საანდერძო დანაკისრის ან საერთო-სასარგებლო მიზნით რაიმე მოქმედების შესასრულებლად.
თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ არ ყოფილიყო. ანდერძით მემკვიდრეები მხედველობაში არ მიიღებიან.
გარდა ამისა, სავალდებულო წილის მიმღები პირი მოვალეა სავალდებულო წილში ჩათვალოს ყველაფერი, რაც მამკვიდრებლისაგან მიიღო მის სიცოცხლეში – იმ მითითებით, რომ მიღებული ჩაითვალოს სავალდებულო წილში.
პირი, რომელსაც სავალდებულო წილის მიღების უფლება აქვს და ამავე დროს საანდერძო დანაკისრის (ლეგატის) მიმღებიცაა, შეუძლია მოითხოვოს სავალდებულო წილი, თუ უარს იტყვის საანდერძო დანაკისრის მიღებაზე. თუკი იგი საანდერძო დანაკისრზე უარს არ იტყვის, მაშინ კარგავს უფლებას სავალდებულო წილზე საანდერძო დანაკისრის ღირებულების ფარგლებში.
თუ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს ეანდერძა ქონება, რომელიც იმ წილის ნახევარზე ნაკლებია, რასაც იგი კანონით მემკვიდრეობისას მიიღებდა, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს ის წილი, რომლითაც ანდერძით მიღებული მისი წილი ნაკლებია იმ წილის ნახევარზე, რასაც კანონით მემკვიდრეობისას მიიღებდა.
როგორ გამოიყოფა სავალდებულო წილი ?
თუ ანდერძით გათვალისწინებული არ არის მთელი სამკვიდრო, მაშინ სავალდებულო წილი პირველ რიგში გამოიყოფა ანდერძით გაუთვალისწინებელი ქონებიდან, ხოლო თუ ეს საკმარისი არ იქნება – სავალდებულო წილი შეივსება ანდერძით გათვალისწინებული ქონებიდან.
შესაძლებელია თუ არა სავალდებულო წილის გაზრდა ?
თუ მამკვიდრებელმა აჩუქა ნივთი მესამე პირს, მაშინ სავალდებულო წილზე უფლების მქონე პირს შეუძლია მოითხოვოს მისი შევსება იმ თანხით, რომლითაც გაიზრდება მისი სავალდებულო წილი, თუკი გაჩუქებული ნივთი სამკვიდროში შევა. საჩუქარი ანგარიშში არ ჩაითვლება, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის საჩუქრის გადაცემიდან ათი წელია გასული.
შესაძლებელია თუ არა სავალდებულო წილის მიღებაზე უარს თქმა ?
დიახ, სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას მის მიღებაზე, მაგრამ ეს არ გამოიწვევს სხვა თანამემკვიდრეების სავალდებულო წილის გაზრდას. მისი წილი გადადის ანდერძით მემკვიდრეებზე.
როდის უნდა მოხდეს სავალდებულო წილის მიღება ?
სავალდებულო წილის მიღება ან მის მიღებაზე უარის თქმა უნდა მოხდეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
შესაძლებელია თუ არა სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა ?
დიახ, სავალდებულო წილის მიღების უფლება შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს იმ საფუძვლების არსებობისას, რომლებიც იწვევენ საერთოდ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას.
სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა შეიძლება მოხდეს მამკვიდრებლის მიერ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში სასამართლოსათვის მიმართვის გზით.
სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის შესახებ მოქმედებს სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთივე შედეგი დადგება მაშინაც, როცა მამკვიდრებელმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიმართა სასამართლოს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მისი გარდაცვალების შემდეგ. იმ მემკვიდრის წილი, რომელსაც სავალდებულო წილის მიღების უფლება ჩამოერთვა, გადადის ანდერძით მემკვიდრეებზე.